
უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის საქართველოში
უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა შეიძლება მოიცავდეს მათ სამართლებრივ დაცვას ქვეყნის საზღვარზე შემოსვლიდან საზღვრისკვეთის მომენტამდე, მიუხედავად ქვეყანაში მათი ყოფნის ვადის დინებისა. საყოველთაოდ ცნობილი და მიღებული პრაქტიკა არის, რომ საქართველოში შემოსვლა და ყოფნის ვადა დამოკიდებულია ვიზიტორი ქვეყნისთვის განსაზღვრული ვიზის დოკუმენტის ვალიდურობაზე, შესაბამისად იწყება ზრუნვა ვიზის გაგრძელების ან მოკლევადიანი ბინადრობის მიღების მიზნებისთვის.
ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს მოქალაქეობის მიღების ერთ- ერთი წინაპირობა და ამავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლისა და ლეგალურად ყოფნის ერთ-ერთ საფუძველი.
ბინადრობის მიღების მსურველ პირზე ნებართვა გაიცემა მისი ინტერესებისა და მიზნებიდან გამომდინარე, მისთვის მორგებული საფუძვლებიდან გამომდინარე, როგორც დროებით ასევე მუდმივმოქმედად. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, საქართველოში მყოფი უცხოელი განცხადებას წარადგენს იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.
ბინადრობის ნებართვა არის მოწმობა, რომელიც სამართლებრივ საშუალებას აძლევს უცხოელს შემოვიდეს და ლეგალურად იმყოფებოდეს საქართველოში, ასევე ტრანზიტით გადაკვეთოს საქართველოს ტერიტორია ბინადრობის ნებართვის მოქმედების სრულ პერიოდში. ბინადრობის ნებართვა, ასევე უცხოელს აძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველოში სანოტარო დამოწმებით მოიწვიოს უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქე ან ოჯახის წევრი ოჯახის გაერთიანების მიზნით.
ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა პირადად უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლის ფილიალს. აირჩიოს დოკუმენტის დამუშავების ვადები (10,20 ან 30 დღე), ბინადრობის სახე, დაურთოს ყველა საჭირო დოკუმენტი და გადაიხადოს მომსახურების საფასური. ბინადრობის ნებართვის განაცხადზე სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების პერიოდში უცხოელი აპლიკანტი არ არის ვალდებული იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
არსებობს ბინადრობის სხვადასხვა სახეები, რომლებსაც საქართველო სთავაზობს ყველა იმ უცხოელს, რომელიც საქართველოში ცხოვრებას, რაღაც კონკრეტულ მიზანს უკავშირებს.
საქართველოში არსებული ბინადრობის ნებართვის შემდეგი სახეებია:
- შრომითი ბინადრობის ნებართვა;
- სასწავლო ბინადრობის ნებართვა;
- ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით;
- საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა;
- მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა;
- სპეციალური ბინადრობის ნებართვა;
- მუდმივი ცხოვრების ნებართვა;
- საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა;
- დროებითი ბინადრობის ნებართვა;
- მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა;
- უვადო ბინადრობის ნებართვა;
ბინადრობის ჩამოთვლილი სახეები განსხვავდება მისი დანიშნულებისა და შინაარსის მიხედვით. გამომდინარეობს დაინტერესებული პირის მიერ მიმართვის მიზნობირიობისგან და საჭიროებს კონკრეტული დოკუმენტების სიზუსტით წარდგენას. ძირითად შემთხვევაში თავდაპირველი ბინადრობები გაიცემა ერთწლიანი ვადით, რომლის ვადის გაგრძელება შესაძლებელია ვადის გასვლამდე იმავე გზით მიმართვით. მეორადი მიმართვა არ გამორიცხავს ნებართვის იმავე ვადით გაგრძელებას.
ბინადრობის სახეებზე დაკვირვებით ნათლად ჩანს ბინადრობის მიღების ის ფართო არჩევანი, რომელიც შეიძლება კონკრეტულ მიზანს მოერგოს და აპლიკანტმა ზუსტად წარმოაჩინოს მისი საქართველოში ყოფნის მიზნობრიობა. უცხოელს, რომელიც ფლობს რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვას, შეუძლია მოითხოვოს და შეცვალოს სხვა სახის ბინადრობის ნებართვით თუ იგი, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის გასაცემად კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოში აღებული ბინადრობის ნებართვა მის თითოეულ მფლობელს აძლევს საქართველოში ლეგალურად დარჩენის შესაძლებლობას მინიმუმ ერთი წლის ვადით, რომ მან თავისუფლად განახორციელოს ნებისმიერი კანონიერი საქმიანობა, მაგალითისთვის: ბიზნესწარმოება, მუშაობა, სწავლა.
განაცხადი როგორც უკვე აღვნიშნე განიხილება არჩევითი დღეების მიხედვით, რა პერიოდშიც სააგენტომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ან შეაჩეროს წარმოება გარკვეული ხარვეზის დადგენის შემთხვევაში. ამა თუ იმ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაინტერესებულ მხარეს ეძლევა გონივრული ვადა რომელიც ხშირ შემთხვევაში არის გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩენილი ვადა, რომლის აღმოუფხვრელობა თავისთავად იწვევს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას. უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
სტატიის ავტორი - თეონა მოსიძე